четверг, 4 декабря 2008 г.

ციხის უბანი


მე დავით ჩიგოევი ვარ, 9 წლის. ჩემს უბანს "ციხის უბანი" ჰქვია, რადგან გორის ციხის ახლომდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენი სახლი პაპაჩემის - იასონის აშენებულია. მან 1982 წელს დაიწყო მშენებლობა და ორ წელიწადში დაასრულა. მას მშენებლობაში თავისი ძმა და ბებიაჩემის ძმები ეხმარებოდნენ, ასევე მეზობლებიც.
ჩვენს უბანს ებრაელების უბანსაც ეძახიან, რადგან ადრე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა აქ, თუმცა მათი დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში-ისრაელში წავიდა საცხოვრებლად. ჩვენს უბანშია მათი სალოცავი - თორაც. ჩვენი ყველაზე ახლო მეზობლები ებრაელები-ჯანაშვილები არიან. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და მათთან ძალიან ახლომეზობლური ურთიერთობა გვაქვს. მათ განსხვავებული ტრადიციები აქვთ. ყოველ პარასკევს აკეთებენ იმდენ საჭმელ-სასმელს, რომ შაბათ-კვირას ეყოთ, რადგან შაბათ-კვირას მხოლოდ უფლისთვის ცხოვრობენ.
მათ აღდგომას "ფესახი" ჰქვია. ფესახის დღეებში ისინი განსხვავებულად იკვებებიან. მიირთმევენ მხოლოდ მასას ( პურის შემცვლელი თხელი ფირფიტები) და ზედ ყველანაირი ხილის,თაფლისა და ღვინისაგან მომზადებულ მასას უსმევენ, რომელსაც ხარაზო ჰქვია.
ჩვენს უბანში სომხებიც ცხოვრობენ. ერთ-ერთი ასეთია ნუგზარ ოგანიანის ოჯახი, რომლის მამა-პაპასაც გორში უცხოვრია. ისინი პატივს სცემენ ქართულ ტრადიციებს, არიანმართლმადიდებელი ქრისტიანები და დადიან ქართულ ეკლესიებში. განსაკუთრებული ტრადიციები ოჯახში არ აქვთ. გამორჩეულად უყვართ სომხური ტოლმა, კონიაკი და ყავა.
ძია ნუგზართან გასაუბრებისას გავიგე , რომ ჩვენს უბანში ადრე უმეტესად ალიზის დაბალი სახლები იდგა. უბანი ძველი იყო, მაგრამ ლამაზი, ამასთანავე ძალიან თბილი და გამრჯე ხალხი ცხოვრობდა. ისინი ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ და მცირედითაც კმაყოფილები იყვნენ. პაპაჩემს, ძია ნუგზარს და ყველა შედარებით ასაკიან მეზობელს უხარიათ, რომ ქალაქში და ამასთანავე ჩვენს უბანში სასიკეთოდ შეიცვალა ბევრი რამ, მაგრამ გული სტკივათ, რომ მეზობლებს შორის ის სითბო და სიყვარული ისეთი ძლიერი აღარ არის. მათ ენეტრებათ ის ძველი ალიზის სახლები... ძია ნუგზარი თვლის რომ ბებერ ციხის უბანს ძველებური სახლები უფრო უხდებოდა...